ოქროს კაცი: ცხოვრება ყირგიზეთის მთებში

ავტორი: დანილ უსმანოვი

რედაქტორი: მარიამ კვარაცხელია

„არ უნდა შეგეშინდეს, მდინარე ამას იგრძნობს და შეიძლება წაგიყვანოს“ - ამბობს მურატ დიუშეევი, რომელიც 24 წელია მდინარე კიჩი-ნარინზე (ყირგიზეთი) ოქროს მოპოვებით არის დაკავებული.

ყირგიზეთი თავისი საოცარი ბუნებითა და საინტერესო ისტორიით, ცენტრალური აზიის გამორჩეული ქვეყანაა. მიუხედავად მსგავსი წარსულისა, საქართველოში მის შესახებ ბევრი არ არის ცნობილი, თუ არ ჩავთვლით „ცისფერი მთების, ანუ ტიან-შანის დაუჯერებელ ამბავს“. სწორედ ტიან-შანში მდებარეობს ყუმთორი, რომელიც ცენტრალური აზიის უდიდესი მაღალმთიანი ოქროს საბადოა. მისგან 160 კილომეტრში კი, ყირგიზეთის ერთ-ერთ ცივ რეგიონში, მიედიენება მდინარე ყიჩი-ნარინი, რომელსაც ადგილობრივებმა სისხლიანი მდინარე შეარქვეს ზაფხულობით მისი ძლიერი დინების გამო.

მდინარე ყიჩი-ნარინი (პატარა ნარინი), დანილ უსმანოვი

სხვა ქვეყნების მსგავსად, საბჭოთა კავშირის დაშლამ არაერთი სიახლე და ეკონომიკური შოკი მოიტანა ყირგიზეთში. საარსებო წყაროს მისაღებად და ოჯახების სარჩენად ადამიანებს მოუწიათ სხვადასხვა პროფესიისა თუ საქმიანობის შეთავსება თავიანთ ყოველდღიურ ცხოვრებასთან. ამის გამო, ნარინის რაიონის სოფლებში, კერძოდ, ეკი-ნარინსა და თაშ-ბაშათში ბევრმა მამაკაცმა დაიწყო ოქროს მოპოვება. ერთ დროს მდინარესთან 300-ზე მეტი ადამიანის დათვლა იყო შესაძლებელი, თუმცა ეს წარსულს ჩაბარდა. უშიშარი მურატის ოქროსმომპოვებლური ისტორიაც ამ პერიოდიდან იწყება: დროთა განმავლობაში მან შეძლო კიჩი-ნარინის მოთვინიერება და გახდა ყველაზე ავტორიტეტული მეოქროვე.

 

მურატი მოწოდებით ფრენბურთელია, სწორედ ამ პროფესიას მიუძღვნა მან თავისი თავი. მეზობელ სკოლაში ფიზკულტურის მასწავლებლადაც მუშაობდა, სადაც მომავალ თაობას აზიარებდა ფრენბურთის სიყვარულს. თუმცა მან მალევე აღმოაჩინა, რომ მისი ყოველთვიური ანაზღაურება - 34 აშშ დოლარს (3000 სომი) - უტოლდებოდა ოქროს მოპოვებისას გამომუშავებულ დღიურ თანხას. სწორედ აქედან დაიწყო მისი ცხოვრების ახალი, ოქროს ეტაპი. თუმცა, აღსანიშნავია, რომ მოგვიანებით მასწავლებლებს ხელფასი საგრძნობლად გაეზარდათ და ეს სფერო ანაზღაურების მხრივ უფრო მიმზიდველი გახდა. მიუხედავად ახალი საქმიანობისა, მას არ დავიწყებია მისი საყვარელი პროფესია, და თავისუფალ დროს ხშირად იხილავთ თავის ყოფილ მოსწავლეებთან ერთად დარბაზში.

მურატი თამაშობს ფრენბურთს თავის ყოფილ მოსწავლეებთან ერთად, დანილ უსმანოვი

ოქროს მოპოვება სეზონური სამუშაოა და ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული. ზაფხულში მდინარის დინება ძალიან ძლიერია და შეუძლია ადამიანი გაიტაცოს, ამიტომ მეოქროვეები ზამთარს ელოდებიან. ზამთარში დინება სუსტია და მდინარეში შესვლა შესაძლებელია. თუმცა, თუ ძალიან აცივდა, მდინარე გაიყინება და მასთან მიკარებაც კი შეუძლებელი გახდება. ამიტომ აუცილებელია ამ ორ სეზონს შორის  ოქროს შუალედის პოვნა.

მურატის სამუშაო დღე თაშ-ბაშათში იწყება, სადაც მისი სახლიდან მისთვის უკვე კარგად ნაცნობი მთებისა და ტყის ხედი იშლება. გარეთ მისი კოლეგები ძველი აუდით ელოდებიან, რომელიც, ერთ დროს, ნარინში ყველაზე გავრცელებული მანქანად ითვლებოდა. შეიძლება იმ პერიოდიდან, როდესაც გერმანელმა ტყვემ რატომღაც გადაწყვიტა ნაძვები ისე დაერგა, რომ სვასტიკის ფორმა მიეღო.  თუმცა, დიდი ალბათობით, ამ ორ ფაქტს ერთმანეთთან არანაირი საერთო არ აქვს.

როგორც ყველაზე გამოცდილი და პატივსაცემი მეოქროვე, ის წინა სავარზელზე ჯდება, ისმის ძრავის ხრინწიანი ხმა და მანქანა ნელ-ნელა იწყებს სვლას. გზად თავიანთ კოლეგას ამანტურს უნდა გაუარონ და მიდიან ადგილზე, რომელსაც კაპჩიგაის ეძახიან. შემდეგ საბჭოთა სამხედრო დამცავ კოპმლექტს, ე.წ., ozk-ს იცვამენ და შედიან წყალში.

მურატს ორ კოლეგასთან ერთად ფსკერიდან გრუნტი ამოაქვს.  ისინი ამ ადგილს კარიერს ეძახიან. მესამე კოლეგას სათლი ნაპირზე გამოაქვს, მეოთხე კი გრუნტს საცერზე რეცხავს. პერიოდულად ყველა საცრის გარშემო იკრიბება და უყურებს, მზესავით როგორ ამოდის იქ ოქრო. მათ თვალებში მონადირის მზერა იკითხება: ზუსტად ისეთი, როგორიც მურატს აქვს ფრენბურთის ბურთის ყურებისას.

შუადღისთვის, ისინი კოსტიუმებიდან წყალს ღვრიან და აშრობენ, შემდეგ კი საჭმლით სავსე ქვაბს იღებენ და ერთად სადილობენ, როგორც ნამდვილ კოლეგებს შეეფერებათ. ჯამში ისინი 4 საათს ატარებენ წყალში, სადაც, როგორც ამბობენ, უფრო თბილა, ვიდრე ხმელეთზე.

სამუშაოს დასრულების შემდეგ უკან ბრუნდებიან, ოქროს აბარებენ ადგილობრივ ბაზარზე და ფულს თანაბრად იყოფენ. ამანტურის შვილი უკვე მაღაზიასთან დგას და ელოდება, როდის უყიდის მამა ნაყინს.

წარმატებული სამუშაო დღის შემდეგ, დანილ უსმანოვი

მურატს სახლში ოთხი შვილი და ორსული ცოლი ელოდება (შენიშვნა: სტატიის გამოქვეყნებამდე მურატს და მის მეუღლეს შეეძინათ გოგონა), ყველაზე უფროსი, მეხუთე ქალიშვილი კი ქალაქში ცხოვრობს და სწავლობს.

ვახშმობის შემდეგ დასაძინებლად მიდის, რათა ხვალ ისევ ადგეს და ოქროს საძიებლად გაემართოს.

მურატის ოჯახი, დანილ უსმანოვი


ისტორია და ფოტოები (2023) ეკუთვნის ყირგიზელ დოკუმენტურ ფოტოგრაფს დანილ უსმანოვს. მისი თქმით, მთავარი გმირების ასახვა მათ ბუნებრივ მდგომარეობაში ისტორიას უფრო ცოცხალსა და ორგანულს ხდის. დანილი, ასევე, აღნიშნავს, რომ ადამიანები იჭერენ ჟურნალისტისა თუ ფოტოგრაფის გულწრფელ დამოკიდებულებას და უფრო მეტად იხსნებიან.

Previous
Previous

A Man of Gold: Life in the Kyrgyz Mountains