ვიზუალური თხრობა: როგორ მოვყვეთ ამბავი კლიმატის კრიზისზე
ავტორი და რედაქტორი: მარიამ კვარაცხელია
ილუსტრაციის ავტორია მარიამ კვარაცხელია (ელემენტები აღებულია დავით კაკაბაძისა და ნიკო ფიროსმანის ნახატებიდან)
ხშირად გაგვიგია, რომ რომელიღაც დოკუმენტი, რომლის მომზადებასა და გამოქვეყნებაზე დიდი რესურსი დაიხარჯა, “თაროზე შემოიდო” ან ისე ჩაიხურა, რომ არც არავის წაუკითხავს.
მიუხედავად იმისა, ინფორმაციული ეპოქის პირობებში ძალიან ბევრი რესურსი იქმნება, ხშირად ისინი საზოგადოების ყურადღების მიღმა რჩება. აღნიშნული შესაძლოა გამოწვეული იყოს საკითხის მიმართ ნაკლები ინტერესით ან გავრცელების არაეფექტური მეთოდებით, რომელიც რატომღაც მიღმა ტოვებს ვიზუალურ თხრობასა და ხელოვნებას.
ასევე, მოდით, ვაღიაროთ, რომ კლიმატის ცვლილების (და არა მარტო) მონაცემთა ვიზუალიზაცია არის მოსაწყენი და რთულად აღსაქმელი, რაც კიდევ უფრო მეტად ართულებს ამ ყველაფრის ფართო საზოგადოებამდე მიტანას.
ჩვენი ტვინი კომპლექსური გრაფიკის დანახვისას
ყვირილი, ედვარდ მუნკი
აღნიშნულის საილუსტრაციოდ განვიხილოთ ორი მაგალითი: პირველ გამოსახულებაზე ხედავთ გრაფიკს, რომელიც აღებულია კლიმატის ცვლილების მთავრობათაშორისი საბჭოს (IPCC) მეექვსე შეფასების ანგარიშიდან [2]. გრაფიკზე აღბეჭდილია უმნიშვნელოვანესი მონაცემები, რომლებსაც, ფაქტობრივად, ეფუძნება დედამიწის ზედაპირის საშუალო ტემპერატურის მატების დისკურსი. თუმცა ჩვენი ტვინისთვის, რომელიც უფრო მეტად მიდრეკილია ვიზუალურ აზროვნებაზე [3], მსგავსი ტიპის გრაფიკები არა მარტო ძნელად აღსაქმელი, არამედ ემოციურად დისტანციურია.
მეორე მხრივ, ედ ჰოუკინგის მიერ შექმნილი ილუსტრაცია, რომელიც ზუსტად იმავე მონაცემებს გამოსახავს, რაც წინა გრაფიკი, უფრო მორგებულია ადამიანის გონების თავისებურებებზე. სწორად შერჩეული ფერთა გამის მეშვეობით, ილუსტრაცია ნათლად ასახავს ტემპერატურულ ცვლილებებს და ბოლოს წითელი ფერით განგაშის სიგნალსაც რთავს ჩვენს ქვეცნობიერში.
საინტერესოა ადამიანთა საზოგადოებამ, რომელიც ევოლუციურად ვიზუალურ აზროვნებაზე ჩამოყალიბდა, რატომ განიცადა რეგრესი ინფორმაციის გავრცელების მეთოდებთან დაკავშირებით?!
მოდით, გადავინაცვლოთ ძალიან უკან, იქ, სადაც ჩვენი წინაპრები ჯერ კიდევ არ საუბრობდნენ და ძირითადი კომუნიკაციის წყარო იყო ხელოვნება. გამოქვებულის კედლებსა თუ ქვებზე ამოტვიფრული ფიგურები და ნადირობის სცენები ვიზუალური კომუნიკაციის თვალსაჩინო მაგალითებია. მსგავსი მეთოდებით ჩვენი წინაპრები ერთმანეთს მნიშვნელოვან ცოდნასა და ინფორმაციას უზიარებდნენ.
ლასკოს მღვიმე, საფრანგეთი
შემდგომში არსისტოტელეც საუბრობდა ვიზუალიზაციის მნიშვნელობაზე ადამიანის ცნობიერისა თუ ქვეცნობიერისთვის. წიგნში “სულის შესახებ” (De anima on the soul), ის აღწერს წარმოსახვას, როგორც ფიქრსა და აღქმასთან დაკავშირებულ დამოუკიდებელ შესაძლებლობას. უფრო მეტიც, არისტოტელე მიიჩნევდა, რომ ადამიანები ფიქრობენ სურათების საშუალებით: “როდესაც ადამიანი ფიქრობს, ის ეყრდნობა წარმოსახვით სურათებს (ფანტაზმა)” (De Anima, III.8) [1]. ის ამ იდეებს ავითარებს სხვა ნაშრომებშიც, როგორიცაა De Memoria და De Insomniis, სადაც ის აღწერს სურათებს, მეხსიერებას, სიზმრებსა და აღქმებს შორის კავშირს [5].
ათენის სკოლა, რაფაელი
არისტოტელეს იდეები მოგვიანებით გაამყარა მასაჩუსეტსის ტექნოლოგიების ინსტიტუტმა კვლევით [4], რომლის თანახმადაც ადამიანის ტვინს გამოსახულებების დამუშავება და ამოცნობა უკიდურესად სწრაფად შეუძლია. 2014 წელს ნეირომეცნიერ მერი პოტერის ხელმძღვანელობით ჩატარებულმა კვლევამ დაადგინა, რომ ტვინს შეუძლია მხოლოდ 13 მილიწამით ნაჩვენები გამოსახულებების ამოცნობაც კი. კვლევამ აჩვენა, რომ ადამიანებს ვიზუალური ინფორმაციის მნიშვნელობის გააზრება თითქმის მყისიერად შეუძლიათ, მაშინაც კი, როდესაც გამოსახულებები სწრაფი მიმდევრობით ჩნდება. პოტერის თქმით, ეს მიმაზე იუთითებს, რომ ტვინი მუდმივად ეძებს კონცეფციებსა და მნიშვნელობებს ვიზუალური ინფორმაციის საშუალებით [6].
მსგავსი აღმოჩენები ამყარებს იდეას, რომ ვიზუალური კომუნიკაცია განსაკუთრებით ეფექტურია, რადგან ადამიანის ტვინი გამოსახულებებს უფრო სწრაფად და პირდაპირ ამუშავებს, ვიდრე დიდი მოცულობის წერილობით ინფორმაციას.
შესაბამისად, პრეისტორიული ხელოვნება, ფილოსოფები, ნეირომეცნიერება და სხვა არაერთი მაგალითი მიუთითებს იმაზე, რომ არ არის საჭირო ველოსიპედის ხელახლა გამოგონება - ადამიანები ვაზროვნებთ ვიზუალური სურათების მიხედვით და ამ ფაქტს უნდა დაეფუძნოს ყველას ის მეთოდი თუ სტრატეგია, რომელიც გამოიყენება ინფორმაციის ეფექტურად გასავრცელებლად.
Columbia Bicycles
1895, უილ ბრედლი
გარდა ამისა, უშუალოდ კლიმატის ცვილების სფეროში ინფორმაციის გავრცელებისა და საზოგადოების გულამდე მისვლისთვის ვიზუალურ კონცეფციებთან ერთად მნიშვნელოვანია თანხმლები ვერბალური გზავნილების სწორად შერჩევა. ფსიქოლოგიაში არსებობს ტერმინი “თანაგრძნობის გაუფერულება” (Compassion Fade), რომელიც აღწერს ადამიანური ემპათიის თავისებურებებს. კერძოდ, რამდენად იკლებს თანაგრძნობა ტრაგედიის სიდიდესთან ერთად [7]. ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ გზავნილი იყოს მცირე მასშტაბის და ადგილობრივ რეალობასთან მორგებული.
მაგალითად, ლოზუნგი “გადავარჩინოთ დედამიწა” ზედმეტად ზოგადია და არანაირ განსაკუთრებულ გრძნობას არ იწვევს საზოგადოებაში. თუმცა, “გადავარჩინოთ უშგული ბუნებრივი კატასტროფებისგან” - უფრო კონკრეტული და ქმედითია, შესაბამისად, მეტი შანსი აქვს, რომ საზოგადოებამდე მივიდეს.
გადავარჩინოთ უშგული ბუნებრივი კატასტროფებისგან
〰️
გადავარჩინოთ უშგული ბუნებრივი კატასტროფებისგან 〰️
რა თქმა უნდა, ვიზუალიზაციის ძირითადი ნაწილი უნდა დაეთმოს საკომუნიკაციო თემას, მაგრამ, ამავდროულად, მნიშვნელოვანია შეირჩეს ის ელემენტი, რომელიც საზოგადოებისთვის ნაცნობი და ახლოა, რომელსაც შეუძლია ემოციებისა და ასოციაციების გამოწვევა. მსგავსი ელემენტები უნდა ვეძებოთ კულტურაში, ლანდშაფტში, ხელოვნებაში, მუსიკაში, ლიტერატურაში და ა.შ.
საქართველოს მაგალითზე მსგავსი კულტურული ელემენტი აღმოჩნდა კულინარია, რომლის მეშვეობითაც გადმოიცა ქვეყანაში არსებული ოთხი ძირითადი კლიმატური პრობლემა: მყინვართა დნობა, გაუტყეურება, ტემპერატურის მატება და გაუდაბნოება.
ილუსტრაციების ავტორია მარიამ კვარაცხელია
მსგავსი ელემენტი, ასევე, შეიძლება აღმოჩნდეს ხელოვნება.
საქართველოს შემთხვევაში - ნიკო ფიროსმანი და დავით კაკაბაძე, რომელთა შემოქმედება ყველასთვის ნაცნობი და ახლოა.
ილუსტრაციების ავტორია მარიამ კვარაცხელია
აგრეთვე, ემოციებისა და ასოციაციების გასამძაფრებლად კარგი საშუალებაა სხვადასხვა ტექსტურისა და სტილის ვიზუალიზაციის გამოყენება: მაგალითად, ფოტოსა და ნახატის კომბინაცია.
ილუსტრაციების ავტორია მარიამ კვარაცხელია
საბოლოოდ კი შეიძლება ითქვას, რომ სწორი ხედვითა და მიდგომებით რთული მონაცემების (მაგალითად, კლიმატური პარამეტრები) ვიზუალიზაცია და ფართო აუდიტორიამდე მიტანა სრულიად შესაძლებელია. მთავარია, ადმიანური საწყისებისა და გონებრივი თავისებურებების შესწავლა და ვიზუალური ელემენტების ეფექტურად გამოყენება.
Aristotle. (n.d.). De anima (On the soul).
Intergovernmental Panel on Climate Change. (2021). Climate change 2021: The physical science basis. Contribution of Working Group I to the Sixth Assessment Report of the Intergovernmental Panel on Climate Change. Cambridge University Press. https://www.ipcc.ch/report/ar6/wg1/
Jarrett, C. (2017, May 18). Visual images often intrude on verbal thinking, study says. Harvard Gazette. https://news.harvard.edu/gazette/story/2017/05/visual-images-often-intrude-on-verbal-thinking-study-says/
Potter, M. C., Wyble, B., Hagmann, C. E., & McCourt, E. S. (2014). Detecting meaning in RSVP at 13 ms per picture. Attention, Perception, & Psychophysics, 76(2), 270–279. https://doi.org/10.3758/s13414-013-0605-z
Shields, C. (2020). Imagination. In The Stanford Encyclopedia of Philosophy (Supplement to Aristotle’s Psychology). Stanford University. https://plato.stanford.edu/entries/aristotle-psychology/suppl4.html
Trafton, A. (2014, January 16). In the blink of an eye. MIT News. https://news.mit.edu/2014/in-the-blink-of-an-eye-0116
Västfjäll, D., Slovic, P., Mayorga, M., & Peters, E. (2014). Compassion fade: Affect and charity are greatest for a single child in need. PLOS ONE, 9(6), e100115. https://pmc.ncbi.nlm.nih.gov/articles/PMC4062481/